ყველაზე სასწრაფო, აუცილებელი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის
სტატიის ავტორია: ბექა ბექაია
17 ივლისი, 2009 | წაკითხულია 2,382-ჯერ
ბოლო წლებში სისტემატიურად, კონკრეტულად კი ბოლო ორი თვის მანძილზე მასმედიის საშუალებები რეგულარულად ავრცელებენ ასეთი ტიპის ინფორმაციებს: “კახეთის რეგიონში ხანგრძლივმა გვალვამ 6-7 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე გაანადგურა ნათესები”, “უამინდობის გამო დედოფლისწყაროს რაიონში ხორბლის ყანების 80%-ზე მეტი განადგურდა”, “უკვე ცნობილია, რომ გვალვისა და ჭარბი ნალექის შედეგად წელს საქართველოში ხორბლის მცირე მოსავალი მოვიდა”, “საქართველოში ბოლო თვეებში აღინიშნა იტალიური კალიების მომრავლება, რომლებმაც გაანადგურეს ნათესები, მარცვლეული და სხვა ერთწლიანი კულტურები”.
მოკლედ რომ შევაჯამოთ, მიმდინარე სეზონზე საქართველოს ძირითად რაიონებში ხორბლის მცირე მოსავალი აიღეს, რაც ძირითადად გვალვებით, იტალიური კალიების შემოსევით, არაკონდიციური სათესლე მასალის გამოყენების და სხვა ფაქტორების შედეგია.
თუმცა, დღევანდელი სიტუაცია არ არის ახალი, ასე ხდება ძალიან ხშირად, ზოგან მოსავალს გვალვა აფუჭებს, ზოგან - სეტყვა, ზოგან - კალია და ა.შ. გადაწყვეტს ფერმერი ხორბლის ან მზესუმზირის მოყვანას, ისესხებს ფულს, დათესავს, მოუვლის, მაგრამ ერთხელაც, წინასწარგაუთვლელი ბუნებრივი მოვლენის გამო, ყველაფერი წყალში ეყრება, დაედება უზარმაზარი ვალები და მოგების მიღების ნაცვლად სერიოზულ პრობლემებს აწყდება. ეს ადამიანი სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოყვანაზე აღარც იფიქრებს, ურჩევნია, ისევ თბილისში ჩამოვიდეს და ვაჭრობაში მოსინჯოს ძალები, ან საერთოდ საზღვარგარეთ წავიდეს ბედის საძებნელად.
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რა იქნება გაისად, მომავალ სეზონზე. ის ფერმერები, რომლებმაც წელს დიდი ზარალი ნახეს, ალბათ კარგა ხანს არ გაეკარებიან (თუ საერთოდ გაეკარნენ) ამ საქმეს. ხოლო მათ, ვისაც მოსავალი გადაურჩათ, სურვილი ექნებათ მომავალ წელსაც გააგრძელონ საქმიანობა, თუმცა უახლოეს წლებში ისინიც იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან და სხვა საქმის ძიებას დაიწყებენ. ამასობაში ახალი, გამოუცდელი ფერმერები ჩაერთვებიან საქმეში, რომელთაც ოდესღაც წინამორბედების ბედი ელით. რამდენიმე წელიწადში, როდესაც მწარე გამოცდილება გადაავიწყდებათ, ძველი ფერმერებიც ეცდებიან ძველ საქმეს დაუბრუნდნენ და ასე შემდეგ გაუთავებლად იტრიალებს ეს ციკლი. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ასე საქართველოში სოფლის მეურნეობა ვერ განვითარდება. დარგი, რომელიც პრიორიტეტულად ითვლება ქვეყნის ეკონომიკაში, რომელმაც უნდა დაასაქმოს და უზრუნველყოს მოსახლეობის ნახევარზე მეტის შემოსავლები დარჩება კვლავაც არაპოპულარულ, მხოლოდ პრობლემების მომტან საქმიანობად.
ასეთი ტიპის შემთხვევებისთვის საქართველო გამონაკლისი არ არის. ყველგან ხდება მსგავსი ბუნებრივი მოვლენები, ყველგან ნადგურდება ან მცირდება მოსავალი. მიუხედავად ამისა, გონიერი ფერმერები საშვილიშვილო ვალებში არ ვარდებიან, უმეტეს ქვეყნებში განვითარებულია ისეთი ფინანსური ინსტრუმენტი, როგორიცაა დაზღვევა. მასზე უკეთესი რამ ჯერ არ გამოუგონიათ გაუთვალისწინებელი ბუნებრივი მოვლენების შედეგად შესაძლო დანაკარგების რისკების შესამცირებლად.
რამდენადაც სოფლის მეურნეობა საკმაოდ სპეციფიკური დარგია, კერძოდ, დიდი სიძნელეებია რისკების შეფასების, კონტროლისა და ზარალის დაანგარიშებაში, სადაზღვევო პრემია სოლიდურ ციფრამდე ადის, ხოლო ქართული სადაზღვევო კომპანიები ვერ ახერხებენ (და არ ახერხებენ) ახალი სადაზღვევო პროდუქტების შემუშავებას და დანერგვას. ამასთან, ხელისუფლება არანაირად არ ერევა ამ პროცესების სტიმულირებაში.
ვეცადეთ მოგვეძია სხვა განვითარებულ, განვითარებად და კერძოდ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში არსებული სიტუაცია და გაგვეგო, როგორ ახერხებენ სახელმწიფოები ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემის გადაჭრას.
ევროკავშირი
2004 წლის მონაცემებით ევროკავშირმა აწარმოა 162 მილიარდი ევროს ღირებულების სოფლის მეურნეობის პროდუქცია, აქედან დაზღვეული იყო 37 მილიარდი ევროს მოსავალი, ანუ მთლიანის 23%. სადაზღვევო პრემიის საშუალო განაკვეთმა იქ შეადგინა 4%, საიდანაც 32% დაიფარა სახელმწიფოს მიერ სუბსიდიის სახით.
პოლონეთი
პოლონეთში, ძირითადად, განვითარებულია აგროდაზღვევის 2 მიმართულება: მოსავლის და საქონლის დაზღვევა. სტატისტიკით, ფერმერების მხოლოდ 3 % აზღვევს მოსავალს, თუმცა 2009 წლიდან უკვე სახელმწიფო იღებს სერიოზულ თანამონაწილეობას და აფინანსებს 40 %-ს მოსავლის დაზღვევაში და 50%-ს საქონლის დაზღვევაში.
ავსტრია
სადაზღვევო პრემიის 50%-ს იხდის ფერმერი, 50%-ს სახელმწიფო, დაზღვეულია მთლიანი მინდვრების 75%, ვენახების 60%, ბოსტნეულის 90%, ბაღჩეული - 80%, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი 30%.
ყაზახეთი
ყაზახეთი, როგორც გამოკვეთილად აგრარული ქვეყანა, პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე დიდ ყურადღებას უთმობს აგროდაზღვევის ნორმატიული ბაზის განვითარებასა და სახელმწიფო რეგულირებას.
ამ ქვეყნის კანონმდებლობით აგროდაზღვევა სავალდებულოა და ტარიფები შემდეგნაირად არის განსაზღვრული:
1. მარცვლოვნები - 5.8 % - საშუალოდ,
2. ზეთოვანი კულტურები - 3.4 %,
3. შაქრის ჭარხალი - 8.3%,
4. ბამბა - 1.3%.
გარდა ამ ქვეყნებისა, სახელმწიფოს ჩართულობა სოფლის მეურნეობის დაზღვევაში საკმაოდ მაღალ დონეზეა აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, კანადაში და ა.შ.
ზოგადი ტენდენცია ისეთია, რომ ყველგან უმნიშვნელოვანესად მიიჩნევენდაზღვევის განვითარებას და მეტ-ნაკლები წარმატებით ცდილობენ მცირე თუ მასშტაბური ნაბიჯების გადადგმას.
როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, თუ საქართველოში სოფლის მეურნეობის დაზღვევის კულტურა ჩამოყალიბდება?
პირველ რიგში, მოქმედ თუ დამწყებ ფერმერს აღარ ექნება იმის შიში, რომ დაიწყებს საქმეს და მოგვიანებით მთელი წვალება და ფული წყალში ჩაეყრება. ეს დაასტიმულირებს ფერმერებს, რაც შეიძლება მეტ ფართზე დათესონ სხვადასხვა კულტურები ან რაც შეიძლება მეტი საქონელი იყოლიონ.
მეორეს მხრივ, სადაზღვევო კომპანია დაინტერესებულია, რაც შეიძლება ნაკლებ სადაზღვევო შემთხვევებში, ანუ პოტენციურ ზარალში, ყველანაირად აიძულებს ფერმერებს გამოიყენონ თანამედროვე და ყველაზე გამართლებული ტექნოლოგიები. იგი მინიმუმამდე ამცირებენ დანაკარგების რისკს. ეს კი, საბოლოო ჯამში, ისევ ფერმერების და ზოგადად ეკონომიკის განვითარებას მოემსახურება.
საბოლოო ჯამში კი სახელმწიფო მოახერხებს იმას, რომ ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული დარგი სწრაფად და ეფექტურად განვითარდეს.
ალბათ, დროა, რომ სახელმწიფომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები ამ მიმართულებით, ჩართოს პროცესებში სადაზღვევო კომპანიები, ბანკები, დონორები, კერძო კომპანიები და მათი დახმარებით სერიოზულ წარმატებას მიაღწიოს.
რა კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება გადაიდგეს საქართველოში სოფლის მეურნეობის დაზღვევის განვითარებისთვის -
პირველი ეტაპისთვის, შეიძლება, შეირჩეს სოფლის მეურნეობის ერთი ყველაზე პრიორიტეტული და პრობლემატური დარგი, მაგალითად, ხორბლის წარმოება.
სახელმწიფომ, შესაძლოა, მთლიანად (ან ნაწილობრივ, თანადაფინანსებით) თავის თავზე აიღოს მომავალი წლის მოსავლის დაზღვევა ისეთი რისკებისგან, როგორიცაა გვალვა, ხშირი წვიმები, სეტყვა და ა.შ. და ეს თანხები უკვე მომავალი წლის ბიუჯეტშიც გაითვალისწინოს.
სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით საქართველოში ყოველწლიურად იწარმოება დაახლოებით 100-120 ათასი ტონა ხორბალი, თუ დაიზღვევა მოსავლის ნახევარი, ანუ 50 000 ტონა (20 მილიონამდე ღირებულების), ხოლო დაზღვევის საშუალო განაკვეთი იქნება 5 %, მთლიანი სადაზღვევო პრემია შეადგენს დაახლოებით 1,000,000 ლარს, ანუ სახელმწიფოს წილი 50%-იანი თანადაფინანსებით იქნება 500 000 ლარი.
ამის შემდეგ უნდა გამოაცხადოს ტენდერი სადაზღვევო კომპანიებს შორის, შეირჩეს ის კომპანია (კომპანიები), რომლებიც ყველაზე საუკეთესო პირობებს წარმოადგენენ.
სახელმწიფომ პარალელურად უნდა აწარმოოს პიარ-კამპანია ხორბლის მწარმოებელ ფერმერებსა და პოტენციურად ამ საქმის დამწყებ პირებს შორის. უნდა დაარწმუნოს ისინი, რომ დააზღვიონ საკუთარი მოსავალი (ნახევარს გადაიხდის სახელმწიფო).
ფერმერს, რომელსაც აქვს 100 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და მისი სავარაუდო მოსავალი არის 300 ტონა ხორბალი, (დაახლოებით 100 000 ლარის ღირებულების), მოუწევს სადაზღვევო პრემიის გადახდა 2500 ლარის ოდენობით, ანუ ერთ კილოგრამზე არაუმეტეს 1 თეთრისა.
ამ პროცესებში, შეიძლება, აქტიურად იქნეს გამოყენებული ბანკების და მიკროსაკრედიტო ორგანიზაციების შესაძლებლობები. ისინი დააფინანსებენ ფერმერებს სადაზღვევო პრემიის გადახდის მიზნით.
ამ ყველაფრის განხორციელების შემდეგ სახელმწიფომ, სადაზღვევო კომპანიებთან ერთად, დაამუშავოს მკაცრი კონტროლის სისტემა, რათა გამორიცხოს სადაზღვევო თანხების არამიზნობრივად და ბოროტად გამოყენება.
ამ სქემის განხორციელება იქნება პირველი სერიოზული ნაბიჯი საქართველოში სოფლის მეურნეობის დაზღვევის განვითარებისა, რომელიც უნდა გადაიქცეს ამ უმნიშვნელოვანესი დარგის განვითარების საწინდრად, ისევე, როგორც სახელმწიფომ მოახერხა სამედიცინო დაზღვევის ხელშეწყობით ჯანდაცვის სისტემის განვითარების სტიმულირება.
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;



— საშუალო 4.67 ქულა
17 ივლისი, 2009 14:52
ამ სტატიას სოფლის მეურნეობის სამინისტრო თუ გაეცნო და საინტერესოა რას ფიქრობს ჩვენი მთავრობა ამ ყველაფერზე
21 ივლისი, 2009 17:55
ვაა არც მიფიქრია რომ დაზღვევას ასეთი სერიოზული ბერკეტის როლის შესრულება შეუძლია. მარა ეხლა რომ ვუფიქრდები პრინციპში ყველა ქვეყანაში ეკონომიკის წამყვან მიმართულებებში დაზღვევას მაგრად იყენებენ. აშშ-ში საბანკო კრიზისის შემდეგ ანაბრების სახელმწიფო დაზღვევა მახსენდება ყველაზე კარგ მაგალითად.
რაც განსაკუთრებით მომეწონა, ამ იდეის განხორციელება ძალიან ადვილია. სხვა სტატიებში (რომლებიც წავიკითხე) მოყვანილ იდეებთან შედარებით. ამის წაკითხვის მერე ყველაზე მეტად გამოჩნდა მოთხოვნილება, რომ ვიცოდე მე რა შემიძლია გავაკეთო ამ პროცესის დასაჩქარებლად.
1 სექტემბერი, 2009 14:54
:)
მგონია რომ დაზღვევის კულტურის ჩამოყალიბებას ხელს უშლის განსაკუთრებით მარალი რისკები, რაც დაკავშირებულია ფერმერების გაუნათლებლობის პრობლემასთან, როგორც თვითონ ტექნოლოგიური ისევე ბიზნესის ადმინისტრირების კუთხით.
ჯერ ერთი. იტალიური კალია არ მგონია ისე მძიმე ფაქტორი იყოს იტალიაში როგორც ჩვენთან. უბრალოდ უნდა იცოდე როგორ მოერიო ამ კალიას.
მეორეც, ერთმა მეგობარმა მიტხრა რომ ხორბალი დათესა და ერტ სეზონზე 4000 ლარის ზარალი ნახა, იმის გამო რომ სახელმწიფო იმპორტის გამო ფასები წარმოუდგენლად დაეცა.
საინტერესოა მუშაობს ტუ არა სოფლის მეურნეობაში იაფი კრედიტების პროგრამა. თუ ძალიან არ აძალებენ ბანკებს ალბათ ვერ იმუშავებს, იმიტომ რომ ფერმერების მიერ კრედიტის დაბრუნების ალბათობა უკუპროპორციულია სეტყვისა და გვალვის.
რავი მე ასე მგონია
1 სექტემბერი, 2009 14:57
აქ რაღაც მასშტაბური ცვლილებებია გასატარებელი, სადაც დაზღვევა ტავის როლს აუცილებლად იტამაშებს, მაგრამ პირველ რიგში რისკების შემცირების მექანიზმები უნდა ჩაერთოს.
6 ნოემბერი, 2009 22:42
საშინელ მდგომარეობაშია სოფლის მეურნეობა და ფერმერებიც, არანაირი შეღავათები სახელმწიფოსგან, არანაირი დახმარება, პირიქით პრობლემები….
19 ნოემბერი, 2010 20:56
ხალხმა უნდა აიძულოს მთავრობა როგორმე რომ ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის განვითარებას ისე არამგონია რომ რამე გამოვიდეს მარტო ფერმერები საკუთარი ძალებით ვერაფერს გახდებიან
11 ოქტომბერი, 2011 16:55
ყველაფერს უნდა სახელმწიფო ხელშეწყობა და თანადგომა, ესარი გამოსავალი ჩვენი სოფლის მეურნეობის, რაც ჯერ არ ჩანს..